history

აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად და შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე 1994 წლის 10 მარტს საქართველოს პარლამეტმა დაითხოვა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭო.

დევნილობაში მყოფმა აფხაზეთის ასს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებმა, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ აფხაზეთის მრავალენოვან მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ინტერესებს, 1995 წლის იანვარში განაახლეს მუშაობა და საქართველოს პარლამენტს სთხოვეს კომპეტენციის დადასტურება.

საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-IIს დადგენილების საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით – საკანონმდებლო ორგანოდ – უმაღლეს საბჭოდ ცნობილი იქნა 1991 წელს აფხაზეთის ასსრ უმაღლეს საბჭოში არჩეული ის დეპუტატები, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს და არ მონაწილეობდნენ გუდაუთის სეპარატისტულ დაჯგუფებასთან ერთად ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში.

ამავე დადგენილებით განისაზღვრა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავისი საქმიანობა წარემართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციის და იმ საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, რომლებიც არ ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს კანონმდებლობას; ამასთან, მას შეექმნა აუცილებელი სამართლებლივი ბაზა, რაც უზრუნველყოფდა ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებას და აფხაზეთში დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად სათანადო ნორმატიული ბაზის შექმნას.

„აფხაზეთში კომნფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის აპრილის №186-IIს დადგენილების მე-9 პუნქტის თანახმად, თბილისში განთავსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მინისტრთა საბჭო აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოებად დადასტურდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შემადგენლობაში სხვა სამინისტროებთან ერთად მუშაობა განაახლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა სამართალშემოქმედების სფეროში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფერო მოიცავდა შემდეგ ამოცანებს:
სამართალშემოქმედების კოორდინაციას, ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას, სასამართლო აქტების აღსრულების ორგანიზაციას, მოსამართლეების, სასამართლო აპარატისა და იუსტიციის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, ადვოკატურის ორგანიზაციას, ნოტარიატისა და მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურეობრივი საქმიანობის ორგანიზაციას, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო რეგისტრაციას და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას.

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შედიოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებისა და ქალაქების მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის განყოფილებები, სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის აფხაზეთის ფილიალი,მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის აფხაზეთის რესპუბლიკური არქივი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატა.ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის კომპეტენციას შეადგენდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობების გაცემა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სალეგალიზაციოდ დოკუმენტების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნოტარიატთა დეპარტამენტისათვის სალეგალიზაციოდ წარდგენა.

„საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დებულების, სტრუქტურის და კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 დეკემბრის №918 დადგენილებითა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის № 530, 1999 წლის 31 მაისის №346, 2000 წლის 13 მარტის №91, 2000 წლის 30 ოქტომბრის №471, 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო შედიოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში,ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი იმავდროულად იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათათბირო ორგანოს წევრი.
საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო აღმასრულებელმა დაწესებულებებმა განიცადა ცვლილებები. აღნიშნული გავრცელდა ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლების სხვადასხვა დაწესებულებებზე, რის შედეგადაც მთელი რიგი დაწესებულებები რეორგანიზებულ იქნენ.

“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეორგანიზებულ იქნა აფხაზეთის იუსტიციის სამინისტრო და მთავარი საარქივო სამმართველო და მათ ბაზაზე შეიქმნა იუსტიციის დეპარტამენტი და იგი ჩამოყალიბდა როგორც აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.
აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამეტი, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სამართალშემოქმედების ხელშემწყობი ორგანო, საკუთარი ინიციატივით, ხელისუფლებისა და უმაღლესი ორგანოების დავალებით მოამზადებდა წინადადებებს საკანონმდებლო განზრახულებათა საკითხებზე, კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს, მოახდენდა მათ ექსპერტიზას, განახორციელებდა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას, მოამზადებდა წინადადებებს მოდიფიკაციის შესახებ, ხელს შეუწყობდა დევნილი მოსახლეობის სამართლებრივი კულტურის ამაღლებას.

ამჟამად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამეტი ხელმძღვანელობს აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით დამტკიცებული ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულებით“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სამართალშემოქმედება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერების ან გაუქმების მოთხოვნა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოსაქვეყნებლად წარდგენა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმიანობის განხორციელება (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო ფონდის ფორმირება, შევსება და საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, შენახვა); დეპარტამენტის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა; საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.