9 აპრილი – თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლო

unnamed (1)

საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისაკენ. ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოს სსრ-ში გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა არსებული აფხაზეთის ავტნონომიური რესპუბლიკის გაუქმება, საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით  მიტინგების სერია მოაწყვეს.

მათი მტკიცებით საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილს, როდესაც ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველის გამზირზე, თბილისში. მომიტინგეებმა მოაწყვეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და შიმშილობა დაიწყეს.  თუმცა, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, მათ შორის – 17 ქალი; ასევე დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი…
ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.