26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

aqti1

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული სათავეს 1918 წლის  26 მაისიდან იღებს, როდესაც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი  საქართველოს მთავრობა, საქართველოს პოლიტიკური მმართველობის ფორმად აღიარეს დემოკრატიული რესპუბლიკა, შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფოებრიობა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ნოე ჟორდანია.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველო იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. დამოკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.

დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე ძალაში შევიდა” საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”. 1991 წლის 26 მაისს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგაც საქართველოს მოსახლეობის 87% საყოველთაო და დემოკრატიულ არჩევნებში საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩია ზვიად გამსახურდია.
1991 წლიდან მოყოლებული 26 მაისს ქვეყნის მოსახლეობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.