ქუთაისის „ბიზნეს ინკუბატორში“ დასუფთავების აქცია გაიმართა

10.06.15

დღეს, ქუთაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში არსებულ სსიპ „ბიზნეს ინკუბატორში” დასუფთავების აქცია გაიმართა. 

აქციაში ჩართული იყვნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების თანამშრომლები,მათ შორის ააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და აფხაზეთის მთავრობის იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დასუფთავების აქციაში მონაწილეობის პარალელურად სსიპ „ბიზნეს ინკუბატორის” მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო. ამჟამად ტერიტორიაზე მიმდინარეობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ საწარმოსთვის გადაცემული სასათბურე კონსტრუქციების დამონტაჟება, პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი პროდუქციისათვის საგამოფენო-სარეალიზაციო პავილიონის მშენებლობა, დაგეგმილია პროფესიული სასწავლო კოლეჯის ამოქმედება.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, „ბიზნეს ინკუბატორს” სერიოზული გეგმები აქვს, მალე სრული დატვირთვით ამუშავდება და 2000-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„შენობა, რომელშიც სსიპ „ბიზნეს ინკუბატორია” განთავსებული, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ სარგებლობის უფლებით გადასცა აფხაზეთის მთავრობას. ტერიტორია საკმაოდ დიდია და მოვლა-პატრონობას მოითხოვს. მწირი შესაძლებლობების მოუხედავად, ეს ორგანიზაცია მაინც ახერხებს სირთულეებთან გამკლავებას. არ შემიძლია უდიდესი მადლიერებით არ მოვიხსენიო აშშ-ის განვითარების ფონდი, რომელმაც ამ საქმეში დიდი დახმარება გაგვიწია, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, იაპონიის საელჩო. ამ ტერიტორიაზე განთავსდება საცდელი სასათბურე მეურნეობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა ციტრუსოვანი და სხვა მცენარეების, ასევე მრავალნაირი ჯიშის ყვავილების საგამოფენო პავილიონი, საბოლოოდ კი აქ წარმოდგენილი პროდუქცია მომხმარებელზე გაიყიდება. შემდგომში კი არსებული ფართები სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს-ცენტრების ოფისებად იქნება გამოყენებული. უკვე არსებობს ჩაის, წისქვილკომბინატის საამქროები, მაღაზიაც პრაქტიკულად აშენებულია – ერთი სიტყვით, ძალიან სერიოზულ მუშაობას და რაც მთავარია, 2000-მდე ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. იქნება მომუშავე პერსონალის გადამზადების, ბიზნეს-ტრენინგების საშუალებაც, რაც კვლაიფიციური მუშახელს სხვდასხვა სექტორში დაასაქმებს. ჩვენ ვცდილობთ „ბიზნესინკუბატორის” ხელმძღვანელს ბატონ ალუ გამახარიას აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება. მთავრობა დაინტერესებულია, განვავითაროთ ეს პროექტები და დავასაქმოთ დევნილი საზოგადოება. მივცეთ მათ წინსვლისა და განვითარების საშუალება. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ შევძლებთ რეალური, ყველასათვის მისაღები შედეგების დადებას,” – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

0106 07 08