საქართველოს პატრიარქმა მრევლს წმ. გიორგის დღესასწაული მიულოცა

mtavari

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე (ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია) ილორის წმინდა გიორგის სახელობის მშენებარე ეკლესიაში შეკრებილ დევნილ მოსახლეობასა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა შეკრებილი მრევლი დალოცა და უფალს საქართველოს გაძლიერება და გამთლიანება შესთხოვა. ამასთან, მრევლს მადლობა გადაუხადა ეკლესიის მშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის.

თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა -კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით დაიწყო.

2016 წლის მაისში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით შემოწირულობებისათვის შეიქმნა სპეციალური ანგარიში, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურების თანამშრომლები შემოწირულობის სახით პერმანენტულად რიცხავენ თანხას ეკლესიის მშნებლობისთვის. გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურების თანამშრომლები უშუალოდ მონაწილეობენ ეკლესიის მშნებლობის პროცესში.