სასტუმრო „ბეტსი“-ში ჟურნალისტთა კონფერენცია – „სიტყვა პირველია – ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა“ გაიმართა

21.09.18-1

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის” მხარდაჭერით სასტუმრო „ბეტსი”-ში  ჟურნალისტთა კონფერენცია – „სიტყვა პირველია – ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკა” გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ.

კონფერენცია სამ ბლოკისგან მედია და კონფლიქტები, ომისა და მშვიდობის გაკვეთილები და ახალგაზრდები ნდობის აღდგენისა და მშვიდობისათვის შედგებოდა და მას ჟურნალისტი ვენერა რურუა უძღვებოდა.

ნაჩვენები იყო  აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის,  ტელეკომპანია „ერთსულოვნებისა” და ცალკეულ ჟურნალისტთა მიერ სხვადასხვა დროს მომზადებული ვიდეოსიუჟეტები  აფხაზეთზე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ომისა და კონფლიქტების თემაზე მომუშავე სხვადასხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა, ბლოგერებმა, მწერლებმა, პუბლიცისტებმა, დრამატურგებმა და სტუდენტებმა.

კონფერენციას   აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და  საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანი იყო ქართულ მედია-საშუალებებში აფხაზეთის თემის გააქტიურება, ასევე საქართველოს მედიის მეშვეობით ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ სწრაფვის გაღვივება.

სასტუმროს ფოიეში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა აფხაზი კოლეგებისადმი მიმართვა მიიღეს.

კონფერენცია სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებული კვირეული ფარგლებში ჩატარდა.