ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი გაიმართა

jeneva

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ, 43-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქართული დელეგაციასთან ერთად ჟენევაში იმყოფებოდა. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობდა.

საერთაშორისო მოლაპარაკებების 43-ე რაუნდის დღის წესრიგის მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იყო.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს იძულებით გადაადგილებული პირის, არჩილ ტატუნაშვილის, უკანონო დაკავება და სიცოცხლის ხელყოფა. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა არის გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებზე რუსეთისა და მისი  საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან უმოქმედობის და ამ გზით ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის წახალისების შედეგი. ქართველმა მონაწილეებმა მომხდარზე სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის განმახორციელებელ ძალას.  მათ ასევე ხაზი გაუსვეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაუყოვნებლივი დაკავების აუცილებლობას.

დისკუსია შედგა ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განცხადების პროექტთან დაკავშირებით. რუსეთის ფედერაციამ გამოიჩინა დესტრუქციული მიდგომა და მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებებით მიმდინარე რაუნდზე ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებები ძალის არგამოყენების საკითხზე.

მოლაპარაკებების დროს დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილი რთული მდგომარეობა. განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვა დისკრიმინაციული ზომების მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულებით დარეგისტრირება უცხოელებად და მათი ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემდგომი შეზღუდვა, რაც წარმოადგენს ეთნიკური წმენდის გაგრძელებას.