ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი გაიმართება

jeneva

საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს. მოლაპარაკებებში მთავარი თემები იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. საუბარი შეეხება ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.

დისკუსიებზე ჰუმანიტარული საკითხებზე მომუშავე – მეორე სამუშაო ჯგუფს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უხელმძღვანელებს. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიიღებს მონაწილეობას.

ჯგუფის ფარგლებში განხილული იქნება გამყოფ ხაზებზე გადაადგილების თავისუფლების, გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის, ხელოვნური ბარიკატების მოწყობის, გარემოსდაცვითი, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები.

ჯგუფის მუშაობის ცენტრალურ საკითხად კვლავ რჩება დევნილთა დაბრუნება.