პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”

mtt14 ივნისის  – შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში,17.06.2017 მუშთაიდის ბაღში “ახალგაზრდული მედია კავშირის”, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი ღონისძიება გაიმართა. მეკლდეურობაში, მშვილდოსანობაში, ეტლებით რბოლასა და პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში “ბოჩა” 100–მდე შშმ პირი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ღონისძიებას შემოუერთდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გუნდები, ასევე, სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაზარალებული ჯარისკაცები.

სპორტული აქტივობების შემდგომ გაიმართა ინტეგრირებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა შშმ პირებმა და ცნობილმა სახეებმა მიიღეს. წარმოდგენილი იყო, როგორც ინდივიდუალური, ასე შემოქმედებითი ჯგუფები: უსინათლოთა კვარტეტები, ეტლით მოსარგებლეთა დუეტები, ეტლით მოცეკვავე წყვილთა ცეკვები და რეგიონებიდან ჩამოსული ინდივიდუალური შემსრულებლების მუსიკალური ნომრები.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში გამარჯვებულთა დაჯილდოება.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და თბილისის მერიის მიერ დაწესებული 50 ლარიანი ვაუჩერები 13 გამარჯვებულს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ პირადად გადასცა. 
პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” უკვე წლებია ხორციელდება და ის თანდათან უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება.

აქტივობების მიზანია თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირთა შორის მეტი კომუნიკაციის დამყარება, მათი შესაძლებლობებისა და უნარების წარმოჩენა.