პირადობის ნეიტრალური მოწმობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების წესი შეიქმნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 12 ოქტომბრის №25 დადგენილებით.

აღნიშნული დადგენილების საფუძველზე  უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურებას ახორციელებს აფხაზეთის      ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები –  პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ფოტოიდენტურობის დადასტურების  კომისია“  (შემდგომში – კომისია).
წესი არეგულირებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე, მათი სურვილის შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად ფოტოიდენტურობის დადასტურებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
       პირადობის ნეიტრალური მოწმობა
პირადობის ნეიტრალური მოწმობა არის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას და მის საცხოვრებელ ადგილს საქართველოს ტერიტორიაზე.
პირადობის ნეიტრალური მოწმობა გაიცემა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებზე.
პირადობის ნეიტრალური მოწმობის მიღების უფლება არა აქვს პირს, რომელზეც გაცემულია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემის მიზნებისათვის არ მოითხოვება პირის რეგისტრაცია „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.