პარლამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხებზე იმსჯელეს

01.02.17ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საკითხის განხილვას მიეძღვნა.

აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის მოკლე ანგარიში მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ცალკეულ ასპექტებზე, გამოწვევებზე, რისკებსა და პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო დახმარების არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსების დინამიკა ზრდადია და 2016 წელს ამ პროგრამის ფარგლებში 3920 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, მაშინ, როცა წინა წელს ეს რიცხვი 2869-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დახმარება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმაც მიიღეს, და მათი რიცხვი 10%-ს აღემატება. მინისტრის განცხადებით, საკმაოდ გაიზარდა ასევე გასვლითი პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების რაოდენობა და სამინისტრო ამ პროცესის შედეგად გამოვლენილ ავადმყოფთა შემდგომ ბედზეც ზრუნვას.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც კომიტეტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს სახალხო დამცველის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

შეხვედრის მონაწილეები პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე შეთანხმდნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის წინადადებით, გადაწყდა, რომ წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად კომიტეტთან სამუშაო ჯგუფს შექმნიან და ეს თემა კომიტეტის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იქნება.

05