ვახტანგ ყოლბაია: „აფხაზეთი იქნება კუთხე, სადაც მომავალ თაობას ექნება ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა“

 ჟენევის მოლაპარაკების ქართველი მონაწილეები მომავალი რაუნდისთვის ემზადებიან. რა საკითხებს განიხილავენ ისინი ჟენევაში? რა შედეგები მოაქვს სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებებსა და გაეროს რეზოლუციებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების თვალსაზრისით?

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია „ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ ამ დღეებში თბილისში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები ჩამოვლენ. ისინი შეხვედრებს გამართავენ როგორც სოხუმში, ისე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

– ბატონო ვახტანგ, როგორც ვიცი, ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისთვის ემზადებით, რა კუთხით მუშაობთ?

– ამ დღეებში ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეები ჩამოდიან. ისინი შეხვედრებს გამართავენ როგორც სოხუმში, ისე თბილისში. პოზიციებს ვაჯერებთ, თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. განვიხილავთ სოციალურ საკითხებს, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებშია. მინდა, გარკვეულ საკითხებში წინ წავიწიოთ. მინდა, დევნილთა დაბრუნების თვალსაზრისით შედეგი გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, დევნილთა დაბრუნების კუთხით წინსვლა არ გვაქვს.

– კულტურის ძეგლების დაზიანებაზე თუ გექნებათ საუბარი?

– კულტურული მემკვიდრეობის თემა ძალიან მტკივნეულია. ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებათა პროცესში გარკვეული წინსვლა გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რაუნდზე ამ საკითხზე მოლაპარაკება შეჩერდა. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებათა მომავალ რაუნდზე პროცესი დაიძვრება.

– ბატონო ვახტანგ, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე გაერომ არაერთი რეზოლუცია მიიღო. ბოლო რეზოლუციით, დევნილების დაბრუნების მომხრე ქვეყნების რიცხვი გაიზარდა. თუმცა, არამომხრე ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია. გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც არ მისცეს ხმა ფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველი დევნილების დაბრუნებას, ბელორუსიც აღმოვაჩინე. მით უფრო, რომ ცოტა ხნის წინ ბელორუსის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა და კარგი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა. ამ დღეებში ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირიც იყო ჩამოსული. მათთან ხელშეკრულებებიც გაფორმდა და საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება. რატომ ვერ მოხერხდა ბელორუსის მომხრობა?

– უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსი ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის ე. წ. დამოუკიდებლობა არ ცნო. ის ინარჩუნებს ჯანსაღ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას საქართველოსადმი. როცა ბელორუსის პრეზიდენტი ჩამოვიდა, მას შევხვდი და ამისთვის მადლობა გადავუხადე. ამასთან ერთად, არის გარკვეული მომენტები, როცა მხარს ვერ გვიჭერენ, რადგან მათ არ უნდათ, რუსეთთან სიტუაცია დაძაბონ. ამიტომ ამ სიტუაციაში ჩვენ ბელორუსთან მეტი მუშაობა გვმართებს. საჭიროა მათი დარწმუნება იმაში, თუ რამდენად გვიღირს მათი მხრიდან აფხაზეთის არაღიარება. შეიძლება, ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ფონზე მეტი მხარდაჭრა იყოს.

– საერთოდ, ამ კუთხით წინამოსამზადებელი პროცესი როგორია?

– პროცესი საკმაოდ დინამიკური და პოზიტიურია საქართველოსთვის, რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დიპლომატიური სამსახურების დამსახურებაა. ისინი მუშაობენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საელჩოებში, გაეროს ქვეყნებში და იმ საერთაშორისო ინსტიტუტებში, რომლებსაც შეუძლიათ, იქონიონ გავლენა თავიანთ ქვეყნებში. თანდათან იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენი პრობლემის მოგვარებას – დევნილთა თავიანთ სახლ-კარში დაბრუნებას. ასევე თანდათან მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც მხარდაჭერისაგან თავს იკავებდნენ ან წინააღმდეგი იყვნენ.

არის ქვეყნები, რომლებისაგანაც ჩვენ უფრო მოველით მხარდაჭერას, ვიდრე თავშეკავებასა და უარყოფას, მაგრამ, საერთოდ, ბოლო 3-4 წელია, ამ მხრივ დადებითი დინამიკაა. ამას სერიოზული მუშაობა სჭირდება, რადგან ქვეყნების ინტერესები ერთმანეთშია გადახლართული. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და თავისი ინტერესიდან გამომდინარე ცდილობს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მას ზიანს არ მიაყენებს არც საერთაშორისო დონეზე და არც ორმხრივ ურთიერთობებში. ვიღაც ანგარიშს უწევს რუსეთს და აფხაზეთში დევნილების წინააღმდეგ აძლევს ხმას, ვიღაც ანგარიშს უწევს იმას, რომ მას შიგნით აქვს პრობლემა და შეიძლება ჩვენმა მხარდაჭერამ მას შიდა პროცესების დარეგულირებაში ხელი შეუწყოს. პროცესები, რომლებიც განვითარდა ესპანეთში, სამომავლოდაც გაკვეთილად გამოადგებათ.

– ესპანეთში განვითარებული პროცესები დანარჩენ მსოფლიოზე გავლენას ახდენს?

– ვინაიდან, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ევროპულმა ქვეყანამ დაგმო და უარყოფითად მიიღო ესპანეთში კატალონიის ავტონომიის გადაწყვეტილება, ეს დადებითად იმოქმედებს და ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს, სეპარატისტულად განწყობილი რეგიონების საქმიანობის უარყოფითად შეფასების თვალსაზრისით.

– ალბათ იცით, რომ ესპანეთის კატალონიის ავტონომიაში განვითარებულ მოვლენებში რუსეთის საცეცები აღმოაჩინეს, ანუ რუსეთი ცდილობს, ყველა ქვეყნის შიდა პროცესებში ჩაერიოს, სადაც ხელი მიუწვდება.

– კრემლის ასეთი ქმედებები გაუგებარია. რუსეთისთვის ეს ხელსაყრელი არ არის, მაგრამ, რადგან კრემლი ძალისმიერად ცდილობს პრობლემების მოგვარებას (ჩეჩნეთი ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს), შეიძლება მას ესპანეთის ავტონომიის პრობლემებში ჩარევა სჭირდებოდეს მისი პატარა ინტერესების დაკმაყოფილებისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, რუსეთსაც არ უნდა აწყობდეს ურთიერთობების გაფუჭება, რადგან მისთვის ყველაზე მეტად არ არის ხელსაყრელი ის, რაც ხდება კატალონიაში.

– შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამ რეზოლუციას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და რა მნიშვნელობა აქვს, გაერო მიიღებს თუ არა რეზოლუციას. ამგვარ რეზოლუციებს, ალბათ, ზოგადი პროცესისთვის აქვს მნიშვნელობა. თქვენი შეფასებით, რა მნიშვნელობა ენიჭება დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციებს?

– ეს ის თემაა, რომელიც ხანდახან წამოიწევა ხოლმე. გაეროს რეზოლუციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. მცირდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებისთვისაც მიუღებელია სეპარატიზმი. კატალონიაში იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც მოხდა შოტლანდიაში. თუმცა, შოტლანდიაში სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდნენ. კატალონიაში კი რეფერენდუმის ჩატარება რომ დააპირეს, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა. ესპანეთის კონსტიტუციით ავტონომიებში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება აკრძალულია.

აფხაზეთში ჯერ ძალადობით გამოდევნეს სამი მესამედი და მერე ჩაატარეს ე. წ. რეფერენდუმი. გაეროს ერთ-ერთ რეზოლუციაში მსოფლიოს ქვეყნებმა აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოდევნა ანტიჰუმანურ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ღონისძიებად შეაფასეს. დევნილთა დაბრუნების თაობაზე გაეროს მიერ მიიღებული რეზოლუციებით ამის შეხსენება ხდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა.

– მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთს დასავლეთი წლების განმავლობაში სსრკ-ის ნაწილად არ აღიარებდა, რის გამოც შემდგომში მათ უფრო გაუადვილდათ დამოუკიდებლობის მოპოვება. იმედია, გაეროს რეზოლუციები და მსოფლიოს ქვეყნების მხარდაჭერა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციაში ხელს შეგვიწყობს.

– სხვადასხვა პროცესი ვითარდება. საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და ქვეყნის ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არა ძალადობით, არამედ გონიერებით დავარწმუნოთ აფხაზები, რომ ერთად ცხოვრება არის გარანტი აფხაზეთში მათი კულტურის, აფხაზური ენის დაცვისა, რაც მისცემს საშუალებას, ააშენონ აყვავებული ქვეყანა საქართველოს წიაღში. შედეგად აფხაზეთი იქნება კუთხე, სადაც მომავალ თაობას ექნება ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების შესაძლებლობა. ამას ცდილობს საერთაშორისო საზოგადოება.

– რა პროცესები ვითარდება?

– ვგულისხმობ სოხუმის ხელისუფლებაზე გავლენას, გაეროს, ევროკავშირის რეზოლუციებს, სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს.

– რაიმე ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება?

– არა. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, გამონახოს ისეთი თემები, რომლებზეც აფხაზებსა და ქართველებს საერთო ინტერესი გვექნება.

– მაგალითად?

– ბუნების დაცვის პრობლემებში, მაგალითად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა, სადაც შეიძლება, ჩვენ ერთობლივი ხედვა ჩამოვაყალიბოთ პრობლემის მოსაგვარებლად. ფაროსანასა და ბზის პრობლემაზე ვცდილობდით, ერთობლივად გვემუშავა. ბზა დაზიანდა აფხაზეთშიც და აქეთაც.

– ანუ ჩვენ აფხაზებს დავეხმარეთ ბზის გადარჩენაში?

– ჩვენ უარს არ ვამბობთ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან. ეს არის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მოსახლეობასაც და აქეთ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილსაც.

გულიკო ბალაძე
„ახალი თაობა”