დღეს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა

07.03.18

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ჟიული შარტავას დაბადებიდან 74 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იმავე დღესვე ქალაქ სენაკში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 74-ე იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკო. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმში ვახტანგ ყოლბაიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ჟიული შარტავას გმირობის ეპიზოდები გაიხსენა. სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები,  აფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანაკლასელები ესწრებოდნენ.

ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს ქალაქ სენაკში დაიბადა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანეს. 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს თანამებრძოლებთან ერთად დახვრიტეს.

ჟიული შარტავას სიკვდილის შემდეგ ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.