აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

03

24 წელი გავიდა დაბა ტამიშთან დატრიალებული ტრაგედიიდან. გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართულმა ნაწილებმა მიიღეს. ქართული შენაერთებისათვის მოწინააღმდეგის  შეტევა  მოულოდნელი იყო. მოწინააღმდეგის მხრიდან გადმოსხმულ დესანტს პირველი დუშეთის ბატალიონის 52 ქართველი მებრძოლი ჯარისკაცი ემსხვერპლა. რამდენიმე დღის სასტიკი ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ  300 – მდე ჯარისკაცი დაკარგა. საბოლოოდ ქართველმა მებრძოლებმა დესანტის მოგერიება, პოზიციების შენარჩუნება და საზღვაო დესანტის მთლიანად განადგურება შეძლო.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის  წარმომადგენლებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს.