აფხაზეთის მთავრობის წევრებმა ალილოს მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

12

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტმენტის  თავმჯდომარემ   იგორ  კოპალიანმა  და აფხაზეთის   მთავრობის სხვა წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის  თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის    ვახტანგ  ყოლბაიას ხელმძღვანელობით ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

ამასთან, მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაული მიულოცა ვახტანგ ყოლბაიამ. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარების თვალსაზრისით ქვეყანა სწორ გზას ადგას და 2016 წელი ამ მხრივ შეიძლება გადამწყვეტი გახდეს.

„ალილო ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სახალხო დღესასწაულია, რომელიც სამკაულივით მიჰყვება ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომ ალილოს ტრადიცია საკუთარი ლოცვა-კურთხევით კვლავ აღადგინა საქართველოში. აფხაზეთის სტრუქტურები ვცდილობთ ამ დღესასწაულში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მიხარია, რომ 2016 წელს უფრო მასობრივად ვართ წარმოდგენილი და ახალგაზრდობაც ჩვენთან ერთად ხარობს ალილოს მადლით. ვერ დაგიმალავთ, რომ განსაკუთრებული იმედით შევყურებთ 2016 წელს. ცვლილებები, რომელსაც ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოს მოუტანს, შესაძლოა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გზაზეც ჩვენი დაახლოების ლოკომოტივად იქცეს. ყინულის დაძვრას, რომელიც გადაულახავ ბარიერად აღიმართა ქართველებს, აფხაზებს და ოსებს შორის მოთმინება, ნებისყოფა, სიმტკიცე და, რაც მთავარია, ნდობის აღდგენისთვის გადადგმული სწორი მოქმედებები სჭირდება. საერთო ინტერესები ერთ-ერთი უმთავრესია, ჩვენი დაახლოებისა და ურთიერთობების აღდგენისათვის. არ უნდა დავუშვათ პესიმიზმი და გულგატეხილობა. ის არაბუნებრივი, საშინელი მოვლენები, რომელიც აფხაზებმა და ქართველებმა საკუთარი უგუნურებით და წინდაუხედაობით გამოვიარეთ უნდა შევუნდოთ ერთმანეთს. უნდა აღმოვფხვრათ გაუცხოება, რომელიც ყველას გვაზარალებს. სხვა გზა და გამოსავალი არა გვაქვს. ჩვენი უწმინდესი ხშირად სიყვარულის ნაკლებობაზე მიგვითითებს. ამ წმინდა დღეებში ყოველი ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, რომ მეტი სითბო, ურთიერთგაგება და სიყვარული გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ. ალბათ დღევანდელი დღის მადლი ის იქნება, რომ ასეთი განწყობა მთელი წლის მანძილზე გაყვეს ყოველ ჩვენგანს. ვულოცავ ყველას, მთელ საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს.
სიკეთე, ერთიანობა, წარმატება და წინსვლა მოეტანოს 2016 წელს საქართველოში მცხოვრები ყოველი ადამიანისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

03

040506