აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გამოხმაურება ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე

13220965_1102567109784684_3035854621701681226_n

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება – გაერო-ს სტრუქტურების მუშაობაში აფხაზეთის ე.წ. სახელისუფლებო სტრუქტურების ჩართვის შესახებ გარდა იმისა, რომ არის არაადექვატური მოთხოვნა, წარმოადგენს თვითონ გაეროს ფუძემდებლური პრინციპების უგულვებელყოფას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 1992-93 წლებში აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნილ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის 2/3. კონფლიქტის დარეგულირებისადმი მიძღვნილ რეზოლუციებში გაერო მუდმივად აფიქსირებდა „დევნილთა დაბრუნების უფლებას”, ეყრდნობოდა რა გაერო-ს უშიშროების  საბჭოს რეზოლუციებს და ეუთო-ს ბუდაპეშტის (1994 წელი), ლისაბონის (1996 წელი) და სტამბულის (1999 წელი) სამიტებზე მიღებულ რეზოლუციებს „ეთნიკურ წმენდასთან” და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზულ დარღვევებთან  დაკავშირებით, სადაც პირდაპირ იყო აღნიშნული: – ეუთოს წევრი ქვეყნები „ვგმობთ აფხაზეთში ეთნიკურ წმენდას, რასაც მოჰყვა უპირატესად ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და იძულებითი განდევნა…”. მიუთითებდა „…დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ  პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში/აფხაზეთში ნებაყოფლობითი და უსაფრთხო დაბრუნების” აუცილებლობაზე.

საერთაშორისო  საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ აფხაზეთს ჰყავს ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, რომელიც დროებით იმყოფება ქ. თბილისში და გაეროს მიერ მოიხსენიება როგორც – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დევნილობაში”. შესაბამისად, ერთადერთი კანონიერი ორგანო, რომელსაც აქვს მორალური უფლება ილაპარაკოს აფხაზეთის მოსახლეობის სახელით და როგორც საქართველოს მთავრობის შემადგენელმა ნაწილმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში – არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები დევნილობაში”.

მსგავსი სურვილის ასრულების ერთადერთ ლეგიტიმურ გზას მხოლოდ საქართველო წარმოადგენს, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში დაფიქსირებული აქვს პოლიტიკური ნება, რომ ხელი შეუწყოს აფხაზების მრავალმხრივ განვითარებას. თავისუფლად შეიძლება მისცეს მათ იმის საშუალება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისიების ფარგლებში ჩაერთონ გაეროს თუ სხვა ტრანსნაციონალური სტრუქტურების მუშაობაში და მიღებული ცოდნა და გამოცდილება აფხაზებთან და სხვა ეროვნების ხალხებთან ერთად ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ.