აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადება

LOGO_new

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა  შეშფოთებას გამოთქვამენ მ.წ. 31 მაისს ქ. გალში, „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” (IPRM) რიგით 46-ე შეხვედრაზე აფხაზური მხარის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლის სამართლებრივი დევნის” შეწყვეტას.

ეს ცინიკური გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ სოხუმს არ გააჩნია გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებისა და ამ საქმეზე მართლმსაჯულების პოვნის სურვილი. ამ დროს რაშიდ კანჯი-ოღლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არანაირ ეჭვს არ იწვევს, არსებობს ყველაზე მტკიცე სამხილი – ვიდეო ჩანაწერი, რომელიც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ნახა. მკვლელის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გადაწყვეტილებით დე-ფაქტო ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა ყველანაირი მორალური და ჰუმანური პრინციპები, ხელყო ადამიანის უპირველესი უფლება – უფლება სიცოცხლეზე. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის სამხედრო მანქანა უპირობოდ და აბსოლუტურად აკონტროლებს, ადამიანის უფლების ცნება არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი ქართველი ეროვნების ადამიანს ეხება. აფხაზი ეროვნების დამნაშავეზე კი, როგორც ჩანს, სამართლიანობისა და მართლმსაჯულების ცნებები არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ მკვლელის მიმართ აფხაზეთის დე-ფაქტო სტრუქტურების მიერ „სისხლისსამართლებრივი დევნის” შეწყვეტის შესახებ  განცხადება გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში შექმნილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის ფარგლებში, რომლის მიზანს და ამოცანას სწორედ, რომ მსგავსი კრიმინალური ფაქტების განხილვა და შემდგომი რეაგირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში მონაწილეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლთა აქტიური ჩართულობით, ადგილზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები  ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, აფხაზმა მონაწილეებმა, სამწუხაროდ, უარი თქვეს მკვლელის დაკავებასა და IPRM-ის ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე მართლმსაჯულების აღსასრულებლად. ყოვლად მიუღებელია აფხაზების „არგუმენტები” იმის თაობაზე, თითქოს ქართველმა მონაწილეებმა სათანადოდ მომზადებული მასალები არ გადასცეს IPRM-ის ფარგლებში. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ აბსურდთან, რადგანაც  საქმეში არსებული ყველა არსებითი მასალა დე-ფაქტო ხელისუფლებას ხელთ აქვს.

შექმნილ ვითარებაში მოველით საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების უფრო მკვეთრ ჩართულობას აღნიშნული პრობლემატიკის მოსაგვარებლად, რათა უფრო ეფექტური და ქმედითუნარიანი გახდეს როგორც თავად ჟენევის მოლაპარაკებების პროცესი, ისე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და მთავრობა მოუწოდებენ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ყველა ღონე იხმარონ, რათა  შესაძლებელი გახდეს გიგა ოთხოზორიას საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა აფხაზეთის რეგიონში. საკითხის უგულვებელყოფა აუცილებლად გამოიწვევს დაუსჯელობის სინდრომის შექმნას და დამნაშავეთა წახალისებას, რომელთა პირველი მსხვერპლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველობა გახდება.